გაზიფიცირების სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში აქტიურად მიმდინარეობს

03.02.2021
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. 
სამუშაოები მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 2 მუნიციპალიტეტის, ასპინძისა და ახალციხის 12 დასახლებულ პუნქტში. ოშორაში, იდუმალაში, საყუდაბელში, ორგორაში, ძველში, ჭობარეთში, ანდრიაწმინდაში, ანდაში, წყორძაში, ურაველში, მუსხსა და ხეოთში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 107 942 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1364 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. 
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში სულ გაზიფიცირდება 22 სოფელი, რაც 2198  აბონენტს მოიცავს. ამჟამად დასრულებულია 4 მუნიციპალიტეტის ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ადიგენის 10 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 78 645 გრძივი მეტრი გაზსადენი და 834 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.