ახალი ამბები
01.11.2022
ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” თანამშრომელი - ლარისა მაისურაძე დაჯილდოვდა. მადლობის სიგელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონია სემეკის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
01.11.2022
„ბუნებრივი გაზის როლი ენერგეტიკულ ბაზარზე“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მენეჯმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო და ფედერალურ უწყებებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის 1-22 ოქტომბერს აშშ-ში საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის ფარგლებში (IVLP) შემდგარ შეხვედრებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე რევაზ ჩიკაშუა და სტრატეგიული დაგეგმვისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ დვალი დაესწრნენ. შეხვედრები ვაშინგტონში, ოჰაიოს, ტეხასისა და კოლორადოს შტატების ქალაქებში გაიმართა.
26.10.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ დაზიანებული რედუცირებისა და ფილტრაციის კვანძები შეიცვალა ახლით და ძველი, ამორტიზებული ონკანის ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა.
24.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 26 ოქტომბერს თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ოქტომბერს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.