წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმას მიმდებარე ტერიტორიაზე, „წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის“ 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 131.8 კმ მონაკვეთზე დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის ინტენსიური გაჟონვა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 30-50 გრძივი მეტრი დაზიანებული გაზსადენის შეცვლა. სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 20-24 საათს.
აღნიშნული სამუშაოების პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ აიაზმას, ასევე, ონკანების გადაკეტვის შედეგად წნევის დაცემის გამო შესაძლებელია რამდენიმე საათით გაზმომარაგება შეუწყდეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვა დასახლებებსაც.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს ყველა აუცილებელ ტექნიკურ და უსაფრთხოების ღონისძიებას დაზიანების უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად და გაზმომარაგების აღსადგენად.