შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საზოგადოებას აცნობებს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურთან, ცენტრალური გაზსადენის მონაკვეთზე დაფიქსირებული დაზიანების (გაზის გაჟონვის) სალიკვიდაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია.
კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რის შედეგადაც ოპერატიულად განხორციელდა ავარიული მონაკვეთის იზოლირება, დაცლა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები წარიმართა უწყვეტ რეჟიმში, მაღალი პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ნორმისა და სტანდარტის სრული დაცვით.
ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად არის აღდგენილი და სისტემა ფუნქციონირებს სტაბილურ რეჟიმში.
კომპანია მადლობას უხდის მომხმარებლებს მოთმინებისა და თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება.