შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურთან, ცენტრალური გაზსადენის მონაკვეთზე დაფიქსირდა გაზის გაჟონვა, აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობს უშუალოდ საავტომობილო გზის ზონაში და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავარიული სიტუაციის დროული ლიკვიდაციის მიზნით, ამა წლის 29 აპრილს, დილის 06:00 საათიდან განხორციელდება მაგისტრალური გაზსადენის შესაბამისი მონაკვეთის გათიშვა (სახაზო ურდულების გადაკეტვა), რის შედეგადაც მოხდება ავარიულ უბანზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ზესტაფონის შემდგომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დროებით შეიზღუდება ბუნებრივი გაზის მიწოდება ბოსლევის, ხარაგაულის, წევისა და აჭარის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია იმავე დღეს, 29 აპრილის 21:00 საათამდე, რის შემდეგაც ეტაპობრივად აღდგება გაზმომარაგება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და უზრუნველყოფს, რომ სამუშაოები განხორციელდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და სრული უსაფრთხოების დაცვით.