GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

მიმდინარე პროექტები

სამეგრელოს 54 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სამეგრელოს 54 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. მიმდინარე ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის 54 დასახლებულ პუნქტში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამურად 665 234 გრძივი მეტრი გაზსადენის მშენებლობა, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნება და გაზის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება 7 830 ადგილობრივი მცხოვრებისთვის.

პროგრამის გეგმის შესაბამისად, 2026 წლისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გაზიფიცირების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება სამ სოფელში — ლეახალეში, ლექარჩესა და ნაკიანში.

სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა 2013 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო 154 სოფელში, ხოლო პროგრამის ფარგლებში 55 545 აბონენტს აქვს წვდომა ბუნებრივი გაზის რესურსზე.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საქმიანობა მოიცავს მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენების მშენებლობასა და გამართვას, რაც წარმოადგენს გაზიფიცირების პროცესის ძირითად ინფრასტრუქტურულ ნაწილს. აღნიშნული სამუშაოები ქმნის ტექნიკურ წინაპირობას, რათა ბუნებრივი გაზი მივიდეს დასახლებულ პუნქტებამდე.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განაგრძობს რეგიონებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ქსელის განვითარებას, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ემსახურება.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ონისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი გაზის ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ონისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი გაზის ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ონისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი გაზის ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჯამურად, აშენდება 62 371 გრძივი მეტრი გაზსადენი და პროექტის დასრულების შემდეგ, ონისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამატებით 750-მდე აბონენტში შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ეტაპობრივად აგრძელებს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის მდგრად ენერგომომარაგებას.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, იმერეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ერთდროულად 7 სოფელში ახორციელებს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, იმერეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ერთდროულად 7 სოფელში ახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიზნით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ერთდროულად 7 სოფელში ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გაზმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა, შემდეგ სოფლებში:

  • მანდაეთი
  • წყალშავა
  • ზედა ბერეთისა
  • ქვედა ბერეთისა
  • ხრეითი
  • ნიგოზეთი
  • უსახელო

ჯამურად აშენდება 195 002 გრძივი მეტრი გაზსადენი და 3 200-მდე ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ისარგებლოს უსაფრთხო და სტაბილური გაზმომარაგებით.