ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ძირითადი ფუნქციაა ბუნებრივი გაზის საიმედო, უსაფრთხო და არადისკრიმინაციული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სისტემით მოსარგებლეებისათვის, ბუნებრივი გაზის შესაბამისი ტრანსპორტირების ხელშეკრულებების საფუძველზე.
გარდა ძირითადი საქმიანობისა, კომპანია ახორციელებს შემდეგ მომსახურებებს, რომელიც უზრუნველყოფს გაზის გადამცემი სისტემის სტაბილურ, ეფექტიან და უსაფრთხო ფუნქციონირებას.
კომპანია ფლობს აკრედიტებულ ლაბორატორიას, რომელიც უზრუნველყოფს გაზის ხარისხის პარამეტრების, მათ შორის შემადგენლობისა და თბოტევადობის კონტროლს გადამცემი სისტემის საკვანძო წერტილებში.
გაზის ხარისხის მაჩვენებლები იზომება რეგულარულ რეჟიმში და ყოველდღიურად ქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც უზრუნველყოფს სისტემის მომხმარებლებისთვის გამჭვირვალობას.
ამასთან, დაინტერესებული მხარეების მიმართვის საფუძველზე, ლაბორატორია ახორციელებს გაზის ხარისხის შემოწმებას (მათ შორის — მწარმოებლებისთვის). აღნიშნული მომსახურება ფასიანია და ხორციელდება დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის ოდორიზაციას — სპეციალური სუნის მქონე ნივთიერებების (ოდორანტების) დამატებას გაზში.
ოდორიზაცია ხორციელდება გადამცემი სისტემის შესაბამის მონაკვეთებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მოქმედი ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს გაზის გაჟონვის ადრეულ იდენტიფიცირებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ავარიული შემთხვევების რისკს.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს გაზგამანაწილებელი სადგურების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა მომსახურებას მიწოდების პუნქტებში, შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე.
აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს თვეში თითოეულ მიწოდების პუნქტზე.
კომპანია მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს სისტემის ტექნიკურ პარამეტრებს, მათ შორის წნევასა და ნაკადებს, რათა უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება.
საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები სისტემის მთლიანობისა და მომხმარებელთა უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად.
კომპანია მიზნად ისახავს ეტაპობრივად დანერგოს ბაზარზე დაფუძნებული მექანიზმები და დამხმარე მომსახურებები, მათ შორის, დაბალანსებისა და გადატვირთვის მართვის ინსტრუმენტები საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.