ახალი ამბები
16.05.2018
გაცნობებთ, რომ “ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ მაგისტრალური გაზსადენიდან ქობულეთის DN 500მმ განშტოების 55-ე კილომეტრზე, მდინარე ჩოლოქზე არსებულ გადასასვლელზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” მიმდინარე წლის 17 მაისს დაგეგმილი აქვს ახლადაშენებული 60 მეტრიანი მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, 2018 წლის 17 მაისს 04:00დან 14:00საათამდე, სამუშაოების მიმდინარეობისას, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ურეკის, ნარუჯასა და ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღნიშნულ პერიოდში შეუწყდება ავტოგაზგასამართ სადგურებსაც – შპს “როიალ გაზსა” და შპს “პრომეთე ქობულეთს”. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონის მომხმარებლებსაც. კერძოდ, გაითიშება ნავთობის ტერმინალი, 13 ავტოგაზგასამართი სადგური და ასფალტის 4 ქარხანა. გამორთვას უზრუნველყოფს სოკარ ჯორჯია გაზი.
16.05.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქალაქ სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში დაზიანებული მრიცხველის შეცვლის მიზნით გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 17 მაისს ორი საათით, 14:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.
19.03.2018
„ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ 700მეტრამდე სიგრძის D 508 მმ-იანი ახალი გაზსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები განხორციელდება. ახალი გაზსადენის შეჭრა მოქმედი „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 23-ე და 34-ე კმ-ზე მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში მოხდება. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სუფსა კალაპოტიდან გადმოვიდა, მარჯვენა ნაპირი გარეცხა, „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენის 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთთან 80 მ-მდე, 34-ე კმ-ზე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან 100 მ-მდე სიგრძის მონაკვეთები დააზიანა, აქედან გამომდინარე, საფრთხე შეექმნა აჭარისა და გურიის რეგიონების უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს.
11.03.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ ახლადაშენებული ფოლადის 300მმ მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრას ახორციელებს. სამუშაო აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენის 190,1-195,6კმ-ებს შორის არსებულ 300მმ მილსადენზე შესრულდება. ამავე მონაკვეთზე პოლიეთილენის მილი შეიცვლება ახლადაშენებული ფოლადის 300მმ გაზსადენით. ეს აუცილებელი გახდა, რადგან პოლიეთილენის მილი საჭირო პარამეტრალურ ნიშნულს ვეღარ უზრუნველყოფს და საფრთხე შეექმნა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას.