ახალი ამბები

07.09.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  DN-1000მმ „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის ჯვრის (კოდის წყარო) ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრა მაგისტრალურ გაზსადენში და ერთი DN-1000მმ ამორტიზებული სახაზო ონკანის შეცვლა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 12 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი.
26.08.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს განხორციელდება „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება კმ.ნ.28+00-დან კმ.ნ.98-მდე მონაკვეთზე. რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე შეიცვლება ორი DN-500მმ სახაზო ონკანი, ასევე აღდგება კოროზირებული მონაკვეთები და განხორციელდება მდინარე ჯუმის საჰაერო გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება ახლად აშენებული სექციის შეჭრა. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
05.08.2016
  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კერძოდ, შეკეთდება დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურება კოროზიული ხვრელები. სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება D-700 მილიმეტრიანი ორი ჩამკეტი ონკანის მონტაჟი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს 05:00 საათიდან 10 აგვისტოს 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გუდაურს, დაბა სტეფანწმინდასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ოთხშაბათს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუზღუდავად აღდგება. შპს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” აღნიშნულის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
04.08.2016
  სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სრულად არის აღდგენილი და ამ ეტაპზე გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ყველა სახის შეზღუდვა მოხსნილია. აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ „ყაზახ-საგურამოს“ სატრანზიტო DN-1000 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ახლით შეიცვალა მწყობრიდან გამოსული N303-ე და N304-ე საონკანო კვანძები. ასევე აღდგენილია გამჭოლი კოროზიული ხვრელები და მილსადენის ანტიკოროზიული საფარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქო-თბილისის ცენტრალური სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებულ მონაკვეთს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ერთი-ორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგი. აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ წერილობითი მადლობა მიიღო სამუშაოების ხარისხიანად განხორციელებისა და ვადაზე ადრე დასრულებისათვის.