გაზიფიცირების სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს

23/12/2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.
სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში. გოგნაურში, მანასეულში, ხარხეთში, სალაჯურში, პავლეურში, ცივწყაროში, დოლასქედში, ჯუღისი-ვაშლობში, ჩირდილელიანთკარში, გრიგოლიანთკარსა და ჩუბინიანთკარში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 46 491 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 613 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
 
ამჟამად, დასრულებულია 3  მუნიციპალიტეტის დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის 25 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 175 254 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 213 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 36 დასახლებული პუნქტი, რაც მოიცავს 2826 აბონენტს. 
 
2013 წლიდან - დღემდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 3 მუნიციპალიტეტის 39 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების შედეგად აშენდა 273 170 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 3739 აბონენტი.